Previous Lesson -- Next Lesson
გ) მოქცეული წარმართების გაფრთხილება, რათა არ გაამაყდნენ იაკობის შთამომავლობაზე (რომაელები 11:16-24)
რომაელები 11:16-24 16 თუ ნათავარი წმიდაა, მაშ - ცომიც; და თუ ფესვი წმიდაა, მაშ - რტოც. 17 ხოლო თუ ზოგი რტო გადატყდა და შენ, ველური ზეთისხილი, მათ შორის დაემყენ და გახდი ზეთისხილის ფესვის ნოყიერების თანაზიარი, 18 ნუ იამპარტავნებ რტოთა წინაშე, ხოლო თუ იამპარტავნებ, იცოდე, შენ კი არ გიკავია ფესვი, არამედ ფესვს უკავიხარ შენ. 19 შენ იტყვი: რტოები გადატყნენ, რათა მე დავმყნობილიყავიო! 20 კეთილი; ისინი თავიანთი ურწმუნოების გამო გადატყდნენ, შენ კი დგახარ რწმენით; ნუ გაამაყდები, არამედ გეშინოდეს. 21 რადგან, თუ ღმერთმა ბუნებრივი რტოები არ დაინდო, შენც არ დაგინდობს. 22 ამრიგად, ხედავ ღვთის სახიერებასა და სიმკაცრეს: სიმკაცრეს დაცემულებზე და სახიერებას შენზე, თუ დარჩები მის სიკეთეში, თორემ შენც მოიკვეთები. 23 და ისინიც, თუ ურწმუნოებაში არ დარჩებიან, დაემყნობიან, რადგან ღმერთს ძალუძს მათი კვლავ დამყნობა. 24 ხოლო თუ შენ მოკვეთილი ხარ ბუნებით ველური ზეთისხილისგან და არაბუნებრივად დაემყნე კარგ ზეთისხილს, მით უმეტეს ესენი, ბუნებრივები, დაემყნობიან თავიანთ ზეთისხილს.
პავლე ამტკიცებდა, რომ აბრაამი გამართლდა უშუალოდ ღმერთის მადლით და მისი შთამომავლებიც გამართლდებიან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ირწმუნებენ ისევე, როგორც მათმა მამამ. თუ ხეს კეთილი ფესვები აქვს მისი ტოტებიც კეთილი იქნება და თუ პირველი გამომცხვარი პური კარგია დანარჩენი სხვა პურებიც იგივე ცომისგან გამომცხვარი არანაკლები იქნება. ქრისტიანები ოდესღაც ღმერთის სამეფოში უცხონი იყვნენ, როგორც მწარე ზეთისხილის ტოტები, მაგრამ ღმერთის ხელმა მიიყვანა ისინი ძველ აბრაამის ზეთისხილი ხესთან და მის შთამომავლობასთან, რათა მათ ეძოვათ მისი წვენისგან და ამ ძალით გაჟღენთილიყვნენ. მაგრამ თუ ღმერთის ხელმა ზოგიერთი ბუნებრივი ტოტი მოჭრა, რათა მიაბას უცხო ხის ტოტები, მაშინ ამ უცხო მიბმული ტოტები არ უნდა გაამაყდნენ და იფიქრონ, რომ ისინი უკეთესნი და ძველ ტოტებზე ფასეულნი არიან.
იუდეველები მოკვეთილ ხეებს ჰგვანან, რადგან მათ გააკრეს ქრისტე ჯვარზე და მოიძულეს მისი გადარჩენა. ხოლო ახალი მიმაგრებული ტოტები ქრისტიანების სიმბოლოა, რომელთაც მიიღეს სწორი რწმენა ღვთის ძისა. მათ მალევე გადააჭარბეს აბრაამის შთამომავლობას და დაიწყეს მათი დადანაშაულება იმაში, რომ მიატოვეს ღმერთი და რისხვის ქვეშ აღმოჩნდნენ. ვინც გაამაყდება და დაიწყებს საკუთარი თავის ქებას ის უსათუოდ დაღუპვისკენ წავა. სწორედ ამიტომ იცავდა და აფრთხილებდა პავლე წარმართული წარმომავლობის მორწმუნეებს, რათა არ გაამაყებულიყვნენ.
შემდგომ პავლე ლაპარაკობდა, რომ წმიდა და სამართ;ლიანმა ღმერთმა არ დაინდო ბუნებრივი ტოტები, რომლებსაც არ მოჰქონდათ ნაყოფი იმისდა მიუხედავად, რომ მან მისცა მათ მრავალი მცნება და აღთქმა. მით უფრო ის მოჰკვეთს მწარე შემატებულ ტოტებს, როთუ ისინი თავიანთ თავში დაიწყებენ ავადმყოფობის ტარებას და მისცემენ მათში მყოფ ძველ მწარე ფესვებს გამოვლენის უფლებას. პავლე საუბრობს ღმერთის სიკეთეზე და ამავდროულად მის სიმკაცრეზე; მისი სიმკაცრე ვლინდება იმაში, რომ ის ჭრის უნაყოფო ტოტებს თუ ისინი არ აძლევენ განახლების და გაწმენდის საშუალებას ღმერთს, ხოლო მისი სიკეთე ვლინდება მათში, ვინც შეემატნენ ქრისტეს რადგან ისინი არიან სულიერი ზეთი და ვინც ქრისტეშია ის ინკურნება და კეთილ ფესვს ატარებს. და თუ ისინიც გაჯიუტდებიან და სულიწმიდას შეეწინააღმდეგებიან ღმერთი მათაც მოჰკვეთს.
იესომ ეს პრინციპი შემდეგი პრინციპით გადმოსცა: ,,მე ვაზი ვარ, თქვენ კი - ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი გამოიღებს ბევრ ნაყოფს, რადგან უჩემოდ არაფრის გაკეთება არ შეგიძლიათ.ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და გახმება; მოაგროვებენ მათ, ცეცხლში ჩაყრიან და დაწვავენ“ (იოანე 15:5-6).
და თუ იუდეველები, რომლებიც მოიკვეთნენ ირწმუნებენ ქრისტეს და მიიღებენ მის ღვთაებრიობას და მის გამოსყიდვას, მაშინ ღმერთის ხელი ისევ აღადგენს მათ. ღმერთს შეუძლებლის გაკეთება შეუძლია - გამხმარი ტოტების გაცოცხლება! ზოგიერთი იუდეველი მიმართავს კიდევაც იესოს, პოულობენ მასში მხსნელს და სწამთ მისი!
და რაც შეგვეხება ჩვენ, რომ ღმერთმა არ შეგვიძულა, როდესაც ვიყავით ცოდვილები, რადგან მოვინანიეთ, გაგვწმინდა ქრისტეს სისხლით და სულიწმიდით გაგვაცოცხლა. ასევე უნდა აბრაამის ყველა შვილის გადარჩენა: როგორც ისმაელის შტო, ასევე იაკობის. როდესაც ისინი ეძებენ ჭეშმარიტებას, ღმერთი მათ იესოსკენ მიუთითებს რათა ყოველ მათგანში შექმნას ბევრი ნაყოფი.
ლოცვა: ზეციერო მამაო ჩვენ მადლობას გიხდით, რომ გაგვწმინდე ეს უწესო ადამიანები, შენი მადლით გაგვანათე და ქრისტეს სულიერ სხეულ მიგვამაგრე! როგორი დიდებული პრივილეგია მოგვანიჭე უსასყიდლოდ! დაგვეხმარე, რომ არ ვიცხოვროთ საკუთარი თავისთვის და არ ვამაყობდეთ, არამედ ვცდილობდეთ მრავალი მოვიყვანოთ შენს მშვენიერ ცხოვრებაში!
კითხვა:
- რას ნიშნავს ქრისტეს სულიერ სხეულთან ,,მიმაგრება“?
- ვინ არის საფრთხის ქვეშ, მიმაგრებული ტოტის დაზიანების შემთხვევაში?